Form cover
Page is - გვერდი Pages is - გვერდები of is (Like from) - "- დან

ამერიკული სკოლა / American School

- სანამ ჩვენი ვებ-გვერდი მზადდება, წაიკითხეთ ზოგადი ინფორმაცია სკოლის შესახებ.
- დაინტერესებულო მშობლებო, ამ ტექსტის ბოლოში ნახავთ ტექნიკურ დეტალებს და სარეგისტრაციო ფორმას.
ჩვენი სკოლის მიზანია დავეხმაროთ ერთმანეთს შვილების აღზრდაში. ჩვენ გთავაზობთ თქვენი შვილების აღზრდას კრიტიკული აზროვნების და ქრისტიანული მორალის მქონე ადამიანებად. 
დაინტერესებულ მშობლებს გთხოვთ, ამ გვერდის ბოლოში არსებული ფორმა შეგვივსოთ.


ამ სკოლისთვის შევიძინეთ და ვისწავლეთ ამერიკული ტექნოლოგია, რომელიც "მოსწავლის მიერ მართული განათლების" სახელითაა ცნობილი (იხილეთ IALDS.ORG-ის ვებგვერდი).

ამ მეთოდით, ჩვენთან არ იარსებებს:
- არც მასწავლებლის დაწერილი ნიშნები - მოსწავლეები თავად აფასებენ საკუთარ გაწეულ შრომას, შემდეგ ერთმანეთის კეთილსინდისიერებას ამოწმებენ, ხოლო ნასწავლ ცოდნას ორ თვეში ერთხელ, ჯგუფის გამოფენაზე მშობლებთან ერთად ვამოწმებთ.
- არც ასაკობრივი კლასები - ჯგუფში სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები იქნებიან ერთად; (5-7 წლის; 8-11 წლის; 12-14 წლის. და დიახ, 5 წლიდან გვაქვს მიღება)
- არც საერთო სავალდებულო კურიკულიმი - ყველა მოსწავლე საკუთარი ტემპით სწავლობს და მხოლოდ საკუთარ გუშინდელ "მე"-ს ეჯიბრება.
- არც უფროსების მხრიდან თავსმოხვეული წესრიგი - ახალგაზრდები თავად შექმნიან საკუთარი ჯგუფის "კონსტიტუციას" და მერე თავად დაიცავენ მას. და თუ რამე არ მოეწონებათ, ან ნახავენ, რომ არ მუშაობს, ასევე თავად შეცვლიან წესებს.
- არც "საგნის მასწავლებლები" - მოსწავლეებთან ერთად ჯგუფში მხოლოდ ერთი უფროსი იქნება - გიდი - რომლის ფუნქცია იქნება სოკრატული დიალოგებით, ღრმა და მნიშვნელოვანი კითხვების დასმით სწავლის პროცესი თამაშად გადააქციოს, დაეხმაროს მოსწავლეების სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტაში, ოღონდ არა პირდაპირ, არამედ სხვადასხვა ტექნიკების თუ პროცესების შეთავაზებით და არჩევანის მიცემით.
- არც ზარი, არც "მასწ. საჭირო ოთახში გამიშვით", არც "აბა ჩუმად იჯექით 45 წუთი" - ჩვენთან ბავშვი მოვა, როგორც თანამშრომელი მიდის "გუგლში" - თავისი საქმე ექნება, ინდივიდუალურიც და ჯგუფურიც; თავად დაისახავს დღის, კვირის და წლის SMART მიზნებს და თავის "თანამგზავრ" ჯგუფელთან ერთად, ერთმანეთის შემოწმების გზით, შეასრულებს მათ.
- არც "დაიზეპირეთ ეს ინფორმაცია" მოწოდებები - ჩვენთან ყოველგვარი ცოდნა გაივლის ერთ მთავარ ფილტრს - "რატომ" ფილტრს. რატომ ვაკეთებთ ამას? რატომ გვჭირდება ამის სწავლა? 
იმისთვის, რომ სწავლის პროცესი მოსაწყენი არ იყოს, ბავშვს ცოდნის მიღების საჭიროება უნდა გავუჩინოთ. ვიპოვოთ მისი ბუნებრივი ინტერესები და ამ ინტერესების გარშემო ისეთი გასართობები და თამაშები მოვიფიქროთ, ისეთი თავსატეხები და პრობლემები, რომლების ამოხსნაც მისგან ახალ ცოდნას და განვითარებას მოითხოვს.
- არ იქნება "საყოველთაო არდადეგები" - ჩვენი სკოლა მთელი წელი იმუშავებს, ხოლო როდის და რამდენი ხნით წახვიდეთ დასასვენებლად თქვენს შვილებთან ერთად, ეგ თქვენი ოჯახის საქმეა - უბრალოდ, წინასწარ გაგვაფრთხილეთ.
- არ იქნება საშინაო დავალებები - თქვენი შვილი საკუთარ ტემპში ისწავლის იმას, რაც აინტერესებს + საბაზისო უნარებს (წერა, კითხვა, მათემატიკა). ჩვენ მას არაფერს დავავალებთ, გარდა იმისა, რასაც დაისახავს გეგმად და ამ გეგმის შესრულებას მოვთხოვთ - სიტყვა სიტყვაა! თუ თავად გადაწყვეტს, რომ რაიმე პროექტზე ან უნარზე სახლშიც გააგრძელოს მუშაობა, ეს მისი პირადი საქმე იქნება.

"მოიცა! მოიცა! ამდენი "ეს არ იქნება", "ის არ იქნება" რა ამბავია?! აბა, რაღა იქნება?!" - იკითხავთ თქვენ (და შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ, თუ როგორ მოსწონს თქვენს შვილს ის, რაც აქამდე მოისმინა :D)

რა იქნება და:
- გარემო, სადაც ბავშვებს ისევე მოვექცევით, როგორც ზრდასრულ ადამიანებს. არ მოვატყუებთ და არ ვიძალადებთ მათზე; არ გავაჩუმებთ, როდესაც რამე აქვთ სათქმელი; არ მოვექცევით უსამართლოდ, არ დავუკარგავთ სიმართლეს; ვენდობით მათ და მივანიჭებთ იმდენ თავისუფლებას, რამდენი პასუხისმგებლობის აღებასაც შეძლებენ; დავუჯერებთ სიტყვაზე, როდესაც რამეს დაგვპირდებიან და პასუხს მოვთხოვთ, როდესაც დაპირებას არ შეასრულებენ.
- გარემო, სადაც ჩვენი მთავარი მიზანია სწავლა მაქსიმალურად სახალისო და საინტერესო გავხადოთ. ამისთვის გვაქვს ასობით კვესტი (პროექტი) სამყაროსა თუ ადამიანის შესახებ, ყველა თემაზე. და ამ კვესტების მენიუდან თქვენი შვილი, მისი ინტერესების და ცნობისმოყვარეობის მიხედვით, ორ თვეში ერთხელ ამოირჩევს, რისი სწავლა უნდა - "ჯანმრთელობის კვესტი", სადაც ის ისწავლის როგორ დასვას დიაგნოზი, მართლა. ისწავლის როგორ მუშაობს ორგანიზმი და რა ხდება, როდესაც რაღაც სასიცოცხლო პროცესები ირღვევა. - თვითგადარჩენის კვესტი - სადაც მოუწევს თავი ველურ ბუნებაში წარმოიდგინოს და მოახერხოს გადარჩეს, მოიპოვოს საკვები, წყალი, გაიგნოს გზა, დაანთოს ცეცხლი და აიშენოს საფარი. მერე კი, ორთვიანი სესიის ბოლოს, რეალურ ლაშქრობაში დაამტკიცოს ცოდნა. - "არქიტექტურის და დიზაინის კვესტი" - სადაც მას მოუწევს დააპროექტოს ჩვენი შემდეგი სკოლა - როგორი წარმოუდგენია ის და სადაც სიხარულით ივლიდა. დააპროექტოს თავიდან ბოლომდე, შიგნიდან და გარედან - მერე ჩვენ ამ პროექტს მართლა ავაშენებთ, როდესაც საკუთარი კამპუსის აშენების დრო მოგვივა... და ა.შ ასე, ასობით სხვადასხვა კვესტი და პროექტი.
- გარემო, სადაც ვიცით, რომ რეალური ცხოვრება სულ გართობა არაა და ყველაფერთან ერთად ბეჯითი შრომაც უნდა ვისწავლოთ - რა პროფესიაც არ უნდა ავირჩიოთ, არის უნარები, რომლებიც ყველგან და ყოველთვის დაგვჭირდება - გამართული წერა, გასაგები საუბარი, სამყაროს რაოდენობრივი აღქმა (მათემატიკა) და ჩვენი ცივილიზაციის არსებობისა და განვითარების კანონზომიერებები (ცოტ-ცოტა ისტორია, ეკონომიკა, სოციოლოგია, რელიგია). ამ საბაზისო უნარებს ჩვენთან ნახევარი დღე დაეთმობა - მოსწავლე თავად აირჩევს, დღეს ინდივიდუალურ სამუშაოზე რისი გაკეთება უნდა - წიგნის წაკითხვა, ხანის აკადემიაში მათემატიკის სწავლა თუ სხვადასხვა წერითი ვარჯიშები და საკუთარ ტემპში, არავის რომ არ ეჯიბრება ისე, იმუშავებს საკუთარ თავზე.
- გარემო, სადაც ნიშნები არ იწერება, მაგრამ ყველა ნამუშევარი საათი და მიღწეული წარმატება დაწვრილებით აღირიცხება - ნიშნებს შინაარსი არ გააჩნია. რას ნიშნავს "მათემატიკა იცის 7-იანზე"? რაღაც ან იცი, ან არ იცი. ჩვენთან ბავშვი რაიმე შემდეგ თემაზე მხოლოდ მაშინ გადავა, როცა წინა თემა იცის! მხოლოდ "სრულყოფილად" ცოდნაა ცოდნა. სხვა ყველაფერი თავის მოტყუებაა. მაგრამ, საბოლოო წარმატებისა და შედეგის მიუხედავად, არანაკლებ მნიშვნელოვანია შრომის კულტურის გამომუშავებაც. ამიტომ ჩვენ აღვრიცხავთ ბავშვის მიერ ნამუშევარ თითოეულ ბეჯით საათს და ყოველ ორ თვეში ერთხელ ვაწყობთ "გამოფენას", სადაც ამ პერიოდში ნასწავლ ცოდნას, რეალურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი მაგალითებით ვაჩვენებთ დამსწრეებს და სკეპტიკოსებს. SMART მიზნების დასახვა, ბეჯითი მუშაობა, "სრულყოფილი" ცოდნა რამეში - ამ მიდგომებით თქვენ ნათლად დაინახავთ, თუ როგორ ვითარდება თქვენი შვილი. და რადგან ჩვენთან ტყუილი არ შეიძლება, ხოლო დადებულ პირობას ფასი აქვს, სიზარმაცე და თავის მოტყუება გამოირიცხება თვითონ ბავშვების მიერ, რომლებიც ერთმანეთის დაპირებების შესრულების ხარისხსაც აკონტროლებენ და დათვურ სამსახურს არ უწევენ ერთმანეთს. ხოლო მიღწეული წარმატებების დასადასტურებლად ბეჯების (მედლები, Badges) სისტემა გვაქვს (თავისი აუდიტით).
- გარემო, სადაც ბავშვი ისწავლის დამოუკიდებლობას, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას და თავისუფლების გემოს. ჩვენ არაფერს, აბსოლუტურად არაფერს გავაკეთებთ მათ სანაცვლოდ ისეთს, რისი გაკეთებაც და რა პრობლემის გადაჭრაც მათ თავად შეუძლიათ. სტუდიოს დალაგებიდან დაწყებული, კონფლიქტების გადაჭრით და ჯგუფის მმართველობის წესების მოფიქრებით დამთავრებული, ყველაფერი მათი საქმეა. ბავშვები გასაოცარი არსებები არიან, მათ ჩვენზე არანაკლები შეუძლიათ. ჩვენ მათ ცხოვრებაში მხოლოდ მაშინ ჩავერევით, როდესაც მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას რაიმე ზიანი დაემუქრება.
- გარემო, სადაც ყველაფერი იმისთვისაა, რომ თქვენი შვილის ნიჭი, ინტერესები და შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ და ნოყიერი ნიადაგი გავუმზადოთ მის შესაძლებლობებს. უამრავი პროექტი, თავსატეხი, ბუნებისმეტყველების ლაბორატორია, სასწავლო დიზაინი, პროცესი თუ რიტუალი მხოლოდ იმისთვის მოვაგროვეთ, რომ თქვენი შვილის უნიკალური, შეიძლება აქამდე დაფარული შესაძლებლობები ვიპოვოთ და მზის შუქზე გამოვიტანოთ.
- გარემო, სადაც ბავშვები თვითთმართველობას და კონფლიქტების გადაჭრას ისწავლიან - აქ მოსულ თქვენს შვილს მხოლოდ რამდენიმე საბაზისო წესი დახვდება, რომლითაც მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ. ყველა დანარჩენი წესი მან თავის ჯგუფელებთან ერთად უნდა მოიფიქროს, ჩამოაყალიბოს კონსტიტუცია და მერე ხელიც მოაწეროს ცერემონიაზე - სიტყვა დადოს. ვინც ამ წესებს დაარღვევს, იმას როგორ მოექცევიან - ესეც მათი მოსაფიქრებელია. რამეს არასწორად მოიფიქრებენ - ესეც მათი შესაცვლელი იქნება. შეცდომები ბევრი იქნება, მთავარია მათზე სწავლა ვისწავლოთ. შიდა დემოკრატიამდე თავად უნდა მივიდნენ. რაიმე კონფლიქტი წამოიშვა? ან მყისიერად, საუბრით ვწყვეტთ მას, ან კვირის ბოლოს, საერთო შეკრებაზე შიდა მოსამართლეები გადაწყვეტენ სწორს და არასწორს.
- და ბოლოს, გარემო, სადაც თქვენი შვილი, რაღაც ინფორმაციის დაწეპირების ნაცვლად, ისწავლის "როგორ ისწავლოს" (learn how to learn, რადგან სამყარო ცვალებადია და სწავლის უნარი ყველაზე გამოსადეგია), ისწავლის "როგორ იპოვოს საკუთარი როლი საზოგადოებაში" (learn how to be) და ისწავლის, როგორ აკეთოს, ანუ პრაქტიკაში, რეალურ ცხოვრებაში გამოიყენოს ცოდნა (learn how to do).
- დაააა სულ ბოლოს - ადგილი, სადაც თქვენი შვილი ბევრ შეცდომას დაუშვებს, მაგრამ შეცდომები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეცდომებზე სწავლა კი გონიერი ადამიანის თვისება. სჯობს ეს შეცდომები ადრე, ხშირად და "იაფად" დაუშვას.
=======================================
თუ გვენდობით, ჩვენი გპირდებით, რომ თქვენი შვილი დაიწყებს "გმირის მოგზაურობას"
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოველი ბავშვი გენიოსია, რომელიც იმსახურებს იპოვნოს მისი შინაგანი მოწოდება და შეცვალოს მსოფლიო. "გმირის მოგზაურობა" გულისხმობს გამოწვევების მიღებას, შეცდომებისგან სწავლას და გაბედული არჩევანის გაკეთებას. რეალურ სამყაროში წამოჭრილი ამოცანების, სოკრატული დისკუსიებისა და პირადი მიზნების დასახვის გზით, მოსწავლეები შეიძენენ გამბედაობას და ხასიათის სიმტკიცეს, რათა თავადვე აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ ცხოვრებისეულ "მოგზაურობაზე".

თქვენი შვილი გახდება ცნობისმოყვარე, დამოუკიდებელი და სიცოცხლის ბოლომდე სწავლის მოყვარული ადამიანი

ჩვენთან მოსწავლეები, ინფორმაციის პასიურად მიღების ნაცვლად, თავად მართავენ საკუთარ სწავლებას: სვამენ კითხვებს, წყვეტენ პრობლემებს და მიჰყვებიან თავის ინტერესებს. ისინი ისახავენ მიზნებს, აკვირდებიან საკუთარ პროგრესს და საკუთარ თავს უბიძგებენ ახალი უნარების დაუფლებისკენ — ამ გზით აყალიბებენ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ჩვევებს.

განივითარებენ ღრმა პატივისცემას ეკონომიკური, პოლიტიკური და რელიგიური თავისუფლებების მიმართ

"ამერიკულ სკოლაში" მოსწავლეები თავისუფლებას არამხოლოდ სწავლობენ - ისინი თავად განიცდიან მას. ისინი იღებენ რეალურ გადაწყვეტილებებს: როგორ გამოიყენონ დრო, როგორ შეიტანონ წვლილი თავიანთი თემის ცხოვრებაში და როგორ მართონ საკუთარი საზოგადოება. ისინი ხვდებიან ისტორიული გმირების როლში, რთული არჩევანის პირისპირ, სადაც უნდა განსაჯონ პირადი თავისუფლება და საზოგადოებრივი სიკეთე. ამ გამოცდილების მეშვეობით ისინი სწავლობენ, რომ თავისუფლებას თან სდევს პასუხისმგებლობა და ხედავენ, როგორ მოქმედებს მათი არჩევანი სხვებზე სამოქალაქო საზოგადოებაში.

ჩვენი სკოლის ფილოსოფია:
ჩვენ მივიჩნევთ, რომ თითოეული ბავშვი არის წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე ადამიანი, რომელსაც შეუძლია განვითარების უნიკალური გზის პოვნა, არჩევანის გაკეთება და გამბედავი მოქმედება.
სწავლების მეთოდოლოგია:
სწავლის პროცესი იქნება ნებაყოფლობითი, ბავშვები თავად დაისახავენ მიზნებს, ისწავლიან ნამდვილი ცხოვრებისეული პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას.
ჩვენი ღირებულებები:

ადამიანი ყველაზე დიდი ღირებულებაა, ხოლო თავისუფლება არ არსებობს პასუხისმგებლობის გარეშე.


ვიწყებთ ბავშვების მიღებას სკოლის პირველ ფილიალში - დიღომში!
- მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი 66. https://maps.app.goo.gl/De2qWhRqnyBZytfU9
- რა ასაკის ბავშვებს ემსახურებით?: ახლა მიღება გვაქვს 5 წლიდან 14 წლამდე, თუმცა ჩვენი სკოლა მთლიანად დაფარავს საშუალო განათლებას, უნივერსიტეტამდე.
- სწავლის საფასური?: ჩვენთან სწავლა მთელი წლის მანძილზეა. თქვენ და თქვენი შვილი ინდივიდუალურად აარჩევთ, როდის დაისვენოთ და რამდენი ხნით. ამ რეჟიმში ჩვენთან სწავლა 3500$-ის ექვივალენტია ლარში.
- გამოსაცდელი პერიოდი თუ გაქვთ?: პირველი ორი თვე ჩვენთან გამოსაცდელი პერიოდია. შევხედოთ, მოსწონს თუ არა თქვენს შვილს ასეთი სწავლის რეჟიმი, მიიღებს თუ არა მას უკვე ჩამოყალიბებული სტუდია და ა.შ. ამ ორი თვის გასვლის შემდეგ ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.
- როდის შეიძლება ბავშვის გადმოყვანა?: ჩვენ შეგვიძლია ყოველ ორ თვეში ერთხელ დავიმატოთ მოსწავლეები. დაგვიკავშირდით [email protected] ან 500 503605 და უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით. 2025 წლის ოქტომბრის ბოლომდე მიღება შეგვიძლია ყოველ დღე.
თუ დაინტერესდით, შეგვივსეთ ეს ფორმა და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით

სახელი

გვარი

ტელეფონი

ელ.ფოსტა

ქალაქი / რაიონი

რამდენი შვილის მოყვანა გსურთ ჩვენთან (ყოველ დამატებით დედმამიშვილზე -15%)